ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან მორიგ აქციას მართავენ. მათ თან აქვთ მიტანილი ბანერები წარწერებით - "არა პუტინის კანონს! "რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!"
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა "ხალხის ძალიდან" აგენტებზე კანონის კიდევ ერთი ვერსია უნდა დაარეგისტრირონ. მათი თქმით, თარგმნეს ამერიკული კანონი და ზუსტ ანალოგს არეგისტრირებენ.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობს ერთი კანონი, რომელიც რუსული კანონია და რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის განადგურებას ნიშნავს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" პირველ მოსმენაზე ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ჟურნალისტების ნაწილი დღეს პარლამენტში არ შეუშვეს და საშვები გაუუქმეს. საშვები მათზე ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ დაშვებული. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.