
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონზე" ამბობს, რომ ის "კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს. ხაზარაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაერთიანების და მკაცრი პროტესტის დროა:
"ეს რუსული კანონი “კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს. ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ "ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ეს ისტორიული შესაძლებლობა.
დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.