მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, კიდევ 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება - ომბუდსმენის კონსილიუმი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს მოინახულეს და ფიზიკურად გასინჯეს ის. აპარატმა ასევე გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან (ექსპერტთა ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან) ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით.

ექსპერტთა დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი) შემდეგ.

"ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება. შთაბეჭდილება:

  1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.
  2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით" - წერია განცხადებაში. 

ექსპერტების პროგნოზით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება.

"შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას", - წერია განცხადებაში. 

კონსილიუმის განცხადებით, ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი