საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს, - ამის შესახებ განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. საპროტესტო ნოტა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.
განცხადებას ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს ხელს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მიეცეს, რომ პოლონეთში შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გაემგზავროს.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ელჩებმა იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ შეჯერებული პოზიცია გააცნო, თავის მხრივ კი რატი ბრეგაძემ იმაზე ისაუბრა, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ცნობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ. ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა. ჩვენ ძალიან ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მას წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია და მან თავის მხრივ, გაგვაცნო თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახლა ჯერი ქართულ მხარეზეა.