
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი უბრალოდ იტყუება და თუ ვინმეს უნდა მას მართლა დაეხმაროს, უნდა მოუწოდოს, რომ მეტი საკვები მიიღოს.
"მთავარი იცით რა არის?! ეს ყველაფერი ფეიკია, ფეიკ პიარის ტრენდის გაგრძელებაა, სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს უნდა, რომ მართლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იზრუნოს, მოუწოდოს რომ მეტი, ორმაგი კალორია მიიღოს, მას აქვს ამის შესაძლებლობა, დასტურდება ექიმების დასკვნით და მიიღოს უბრალოდ საკვები, ნუ დადის რისკზე თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და იქნება ყველაფერი კარგად", - თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან შეშფოთება და დემარში, რომელიც მათ გუშინ იუსტიციის მინისტრს გააცნეს, "ფეიკზეა" დაფუძნებული.
"დემარში არის ფორმა პროტესტის, პოზიციის გამოხატვის და ეს ფორმა დაფიქსირდა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან სააკაშვილის მდგომარეობით, ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე, და მის რეალურ შიმშილობაზე, ნაწილობრივ შიმშილობაზე", - თქვა მდინარაძემ.
ის ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და თუ ასე გააგრძელებს, პასუხისმგებლობა მასზე იქნება.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს. EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.