
რუსეთი აშშ-ს უკრაინაში, ტოქსიკური ქიმიკატებით პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებს. განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ სალივანის განცხადება, რომ რუსეთი "სპეცოპერაციის" ზონაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, განიხილება, როგორც თავად "შტატებისა და მისი თანამზრახველების განზრახვა, განახორციელონ პროვოკაცია ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით უკრაინაში".
კირილოვი ამტკიცებს, რომ პროვოკაციისთვის მზადება "სრული ძალით მიმდინარეობს" და რომ, 10 თებერვალს კრამატორსკში ქიმიური ნივთიერებები მატარებლის ვაგონით ჩაიტანეს. მისივე თქმით, ქიმიური ნივთიერებები კრამატორსკის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და შეიარაღებული ძალების სარდლობის ზედამხედველობით გადმოიტვირთა.
კირილოვი ამბობს, ქიმიკატები 16 დალუქული ლითონის ყუთით ჩაიტანეს და მათ ნახევარს ქიმიური საფრთხის აღმნიშვნელი წარწერაც ჰქონდა - „ეს ქიმიკატი იწვევს მწვავე ფსიქოზს, დეზორიენტაციას, ჰალუცინაციებს, მეხსიერების დაქვეითებას“ და აკრძალულია კონვენციის 1-ლი მუხლით- განაცხადა კირილოვმა.