მისმა მიღებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას - კვირიკაშვილი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს "ოცნების" მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კვირიკაშვილი წერს, რომ ამ ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ უკვე დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი და მისმა მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს  კანდიდატის სტატუსსაც:

"არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა." წერს გიორგი კვირიკაშვილი

შეგახსენებთ, რუსულ კანონპროექტს გუშინ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი