
საქართველო სხვა მიმართულებით მიდის და მასზე აღარ ლაპარაკობენ, როგორც დემოკრატიული ცვლილებების მაგალითზე - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა დირექტორმა ევროპისა და რუსეთის საკითხებში, ფიონა ჰილმა The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.
მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2013 წელს მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, ამჟამად ციხეში იმყოფება და მისი ჯანმრთელობა გაუარესებულია.
"პუტინმა მოახერხა, რომ 2008 წლის კონფლიქტი წარმოეჩინა, როგორც საკუთარი პირადი დაპირისპირება სააკაშვილთან და მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი ჯანმრთელობა სერიოზულად არის გაუარესებული, თავად საქართველო კი სხვა მიმართულებით მიდის. პუტინი ფიქრობდა, რომ თუ ბრძოლის ველზე ვერ მიაღწევდა საწადელს, მაშინ დროთა განმავლობაში მიაღწევდა თავისას სხვანაირი გზით. ჩვენ დღეს აღარ ვლაპარაკობთ საქართველოზე ისე, როგორც ადრე ვლაპარაკობდით და ეს უზარმაზარი ტრაგედიაა. მართლაც, წლების შემდეგ საქართველო სულ სხვაგან არის და ისე პოზიციონირებს, რომ პუტინისთვის ეს ძალიან კომფორტულია. საქართველო დღეს დაუცველი და სუსტია, ის აღარ არის დემოკრატიის შუქურა, როგორც ჩვენ მას ვუწოდებდით წლების წინ. შესაბამისად, პუტინი უკრაინაშიც იმავეს ეცდება: თუ ვერ გაიმარჯვა ბრძოლის ველზე, შეეცდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ გაიმარჯვოს." ამბობს ფიონა ჰილი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელმაც 2008 წლის მოვლენები გაიხსენა.
"ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ სამხედრო ძალას რუსების წინააღმდეგ. მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგამ სტივ ჰედლიმ იკითხა, ვაპირებთ თუ არა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება, რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.
მე მქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა, რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე, მე მას ვუთხარი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა. რაც შეეხება იმას, შეგვეძლო თუ არა სანქციების დაწესება, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დროს მეორე პრობლემაც იყო მსოფლიოში და ეს არის ფინანსური კრიზისი და ბევრი ქვეყანა სულაც არ იყო იმ ხასიათზე, რომ ვინმესთვის სანქციები დაეწესებინა. " თქვა რაისმა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი