არ იყო იოლი დისკუსია, გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებს - ჰერჩინსკი "ოცნებასთან" შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

თითქმის სამი საათი გაგრძელდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან. დიპლომატების ინტერესის საგანი  ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტია, რომლის მიღებას მმართველი პოლიტიკური პარტია აპირებს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

"გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი პარლამენტის სპიკერთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ეს არ იყო იოლი დისკუსია და ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. გარდა ამისა, ისიც აღვნიშნეთ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება როგორც მინიმუმ ორ პრიორიტეტს იმ 12-დან, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს. 

თავის მხრივ, სპიკერმა შემოგვთავაზა არგუმენტები, თუ რატომ უნდა არსებობდეს მსგავსი კანონი საქართველოში. საუბარი გაგრძელდება, რამდენადაც მე მესმის, ეს ჯერ კანონპროექტიც არ არის, არამედ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა.

ჩვენი აზრით სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ხერხემალი. ამიტომ, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ამ სფეროებმა შეუფერხებლად იმუშაონ ქვეყანაში. ევროკავშირი ყოველთვის ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობოებთანაც თანამშრომლობდა მრავალი მიმართულებით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას და ვშიშობთ, რომ თუ ეს კანონი მიღებულ იქნება, ამას ნეგატიური გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ახლა ჩვენ ადრეულ სტადიაზე ვართ, რომელიც აქ ხდება, პარლამენტში და ძალიან გვინდა, რომ მივაწოდოთ ძლიერი სიგნალი ჩვენი პოზიციის შესახებ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მე ვერ გეტყვით, რამდენად მოახდენს ეს კანონი გავლენას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რადგან ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის პრემიერმინისტრები და პრეზიდენტები იღებენ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს." განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

შალვა პაპუაშვილი კი ისევ სტიგმატიზაციის მცდელობებზე საუბრობს და ამბობს რომ წუხილის საგანი ძირითადად დასახელებებია:

"გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ არის დიდი ტალღა სტიგმატიზების, ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას.

წუხილის საკითხი არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასახელებებს. არც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე და არც დღეს, რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას არ ყოფილა. პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება. კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი