"იმედია, კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას გამოთქვამთ" | სამხარაძეს ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები წერილით მიმართავენ და მას სთხოვენ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონპროექტს.

წერილს Publika.ge ავრცელებს. წერილს ხელს 40-ზე მეტი სტუდენტი აწერს.

"გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები, და ა.შ.

გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.

ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს – სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში.

ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი