
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, რომელიც "რუსული კანონის" ერთ-ერთი ინიციატორია ამბობს, რომ პარტნიორებს სურთ მისი გაშავება. ის არ პასუხობს კითხვას, რა მიზნით შეიძლება სურდეთ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაშავება.
"მართლა საინტერესოა განცხადება, მათ შორის ამერიკის ელჩის, რომელიც დემოკრატიის სახელით ითხოვს, რომ დემოკრატიული პროცესი არ ჩატარდეს. ანუ საკითხი, კანონპროექტი, არც კი იყოს განხილული, რომელიც არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. ამას ითხოვს დემოკრატიის სახელით, ეს არის აბსურდი. მიზანი, სამწუხაროდ, არის არა ის, რომ ვინმე შევიდეს შინაარსში, პარლამენტში როგორც წესია ასე იმსჯელონ, არამედ მიზანი არის ის რომ როგორმე გააშავონ ეს კანონპროექტი", - ამბობს მაჭარაშვილი.
მისი მტკიცებით, "ფინანსური გამჭვირვალობა, რომელიც არის აღიარებული და კარგი ამერიკაში და ევროპაში, არ შეიძლება იყოს ცუდი საქართველოში, ევროინტეგრაციის გზაზე".
ცნობისთვის, ამერიკის ელჩმა აღნიშნული კანონპროექტი არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. მისი თქმით, ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება და ის საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია. იხილეთ: