"არ არსებობს თანამდებობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე მნიშვნელოვანია" - მიმართვა ქვემო ქართლის მაჟორიტარებს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ქვემო ქართლის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტს: 

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” და ასევე, ამავე სულისკვეთების ალტერნატიულ ვერსიებს.

პატივცემულო მაჟორიტარებო, არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობდით რეგიონში არსებული ძლიერი სამოქალაქო სექტორით. ქვემო ქართლში ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები სიამაყით დადიოდნენ, თქვენთან ერთად, ჩვენი პროექტების შედეგების გასაცნობად. ასევე ყველას გვეამაყებოდა, რომ გაიზარდა რეგიონიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რიცხვი. ამ სასიკეთო საქმეში თავისი წვლილი სათემო ორგანიზაციებმა შეიტანეს, რომელთა ხელმძღვანელებმაც საკუთარი სახლებიც კი დაუთმეს აღნიშნულ საგანმანათლებლო იდეას.

ჩვენ ყველანი ვხედავდით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.

გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.

კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, დადგეთ იმ იდეის გვერდით, რომლის ერთგულებიც 30 წელი ვიყავით. არ არსებობს თანამდებობა, სტატუსი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე მნიშვნელოვანია.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!" ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ხელს 40-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი აწერს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი