შაქარაშვილის საქმეში სამართალდამცავების ფუნქცია დანაშაულის დამალვაა - სანდრო ბარამიძე

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეებში, რომლებსაც ჩვენ ბოლო ხანებში ვხედავთ, მათ შორის შაქარაშვილის საქმეში, მათი [სამართალდამცველების] ფუნქცია არის ის, რომ დამალონ ის დანაშაული, რაც რეალურად მოხდა, - ამის შესახებ გადაცემაში "დღის სტუმარი", იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ განაცხადა

ამბობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დამალონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და საზოგადოებას აბსოლუტურად ცრუ ვერსიებს სთავაზობენ. "სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა დანაშაულის დაფარვაში მაინც.. ცდილობენ, ყველას აარიდონ იმ სიმძიმის პასუხისმგებლობა მაინც, რომელსაც, როგორც მინიმუმ, სინამდვილეში იმსახურებენ". 

სანდრო ბარამიძის აზრით, საქმის მიმდინარეობისას, საგამოძიებო უწყებებმა სწორი ვერსია უნდა შეარჩიონ და საზოგადოებას სწორედ ის უნდა განუცხადონ. 

შეარჩიონ ხოლმე სწორი ვერსია, ისეთი რომელიც საღ აზრს შეიცავს, რომელიც ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის დამარწმუნებელი იქნება და ნუ მოიგონებენ ისეთ რამეს, რასაც ზრდასრული, საშუალო ინტელექტის ადამიანი ვერ დაიჯერებს.. სახელმწიფომ მყისიერი რეაქცია უნდა მოახდინოს დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე, რაც როგორც ვიცით უკვე, ამ საქმესთან დაკავშრებით არ მომხდარა.. ექსპერტიზის დასკვნაც უამრავ კითხვას წარმოშობს.. ვვარაუდობ, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარესთან არ ჩასულა.. როგორ უნდა ჩავიდეს იქ გონიერი ადამიანი ან მდევარი რატომ გაყვებოდა იმ ადგილას.. თუ ასე მოხდა, გიორგისაც და მდევარსაც ისეთი დაზიანებები უნდა ეტყობოდეს, კიდურებზე, ფეხებზე, შეიძლება ხელებზეც, ტანზეც, რომელიც იმ ციცაბო ფერდობზე და შემდეგ ეკალ-ბარდებში გზის გაკვალვისას წესით ადამიანს უნდა დაეტყოს. მაგრამ ეს არცერთს ეტყობა, არც გარდაცვლილს და არც მის სავარაუდო მდევარს, - ამბობს სანდრო ბარამიძე. 

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე და მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი