
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, რომელიც "რუსული კანონის" ერთ-ერთი ინიციატორია ამბობს, რომ გუშინდელ საკომიტეტო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და სხვა კანონის მოწინააღმდეგეების "მონური ფსიქოლოგია".
მან გაიხსენა სხდომაზე ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა და თქვა, რომ მასაც მონური ფსიქოლოგია აქვს.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი კოლონიალური აზროვნება, მონური ფსიქოლოგია, ანუ ნაცვლად იმაზე, რომ ჩვენ კითხვაზე ეთქვათ აბა რომელი წინადადებაა ანტიდემოკრატიული, ისინი ამბობდნენ, რომ არა იქ არ არის ასეთი, მაგრამ თქვაო სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპარლამენტარმაო, და ბოლოს დააგვირგვინა გიორგი ბურჯანაძემ, და კიო, კიბატონოო, შეიძლება ეს არ იყოს სწორიო მაგრამ თუ გვეტყვიან ევროპიდან ერთი კვირა ცალ ფეხზე დადექიო, უნდა დავდგეთ ცალ ფეხზეო, შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ ერთი კვირა ადამიანი ცალ ფეხზე ვერ დადგება, ანუ ბურჯანაძისთვის იმდენად მონური ფსიქოლოგია, და არა მხოლოდ ბურჯანაძე, ეს არის ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის პოზიცია, რომ ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი, თუ ევროპარლამენტარი, რომელიც შავზე გეტყვის, რომ თეთრია, ამას არ უნდა დაეთანხმო, იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო",- ამბობს მაჭარაშვილი.
გიორგი ბურჯანაძემ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო უწყება ამბობს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, თუ წევრობაზე განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - "რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეო, უნდა ვიდგეთ".