"მთავარმა" თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოიპოვა - სად მუშაობდა 23 წლის პროგრამისტი?

გამოქვეყნდა:

რამდენიმე ელექტრონული ფოსტისა და "ფეისბუქის" მისამართები და პაროლები - ეს არის ჩანაწერები თამარ ბაჩალიაშვილის პირად წინგაკში. წიგნაკი, რომელიც 23 წლის გოგოს შესახებ სანტერესო ინფორმაციას ინახავს, ახლაც ბაჩალიაშვილის სახლში დევს. სამართალდაცველები ამ მონაცემებით არ დაინტერესებულან.

ახალგაზრდა ქალი სამი დღის დაკარგული იყო, როდესაც ოჯახთან მივიდნენ და მისი პირადი კომპიუტერი წაიღეს, თუმცა სხვა არაფერი უძებნიათ. ფაქტია, ამ მნიშვნელოვანი წიგნაკისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. 

წიგნაკი "მთავარი არხის" ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის დედამ მაშინ აჩვენა, როდესაც გოგო ორი დღის დაკარგული იყო. მოგვცა უფლება გადაგვეღო და ეს ინფორმაცია შეგვენახა. ახლაც მათი თანხმობით ვასაჯაროებთ, თუმცა მისამართებს და პაროლებს არ ვაკონკრეტებთ. 

ჩვენ ყველგან ვცადეთ შესვლა, რამდენიმე ელექტრონული ფოსტა დაბლოკილია. "ფეისბუქისა" და ინტერნეტ ბანკების პაროლები, როგორც ჩანს, არასრულია და მათი დაბოლოება მხოლოდ თამუნამ იცოდა. შევძელით მხოლოდ ერთ ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა, რომელიც დედამისის სახელით არის რეგისტრირებული. გასუფთავებულია - არც მიღებული და არც გაგზავნილი შეტყობინება ამ გვერდზე არ ფიქსირდება. 

მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ოჯახს ამ გვერდებზე შესვლა არ უცდია. თუმცა, ამ წიგნაკის არსებობის შესახებ რაიმე ინფორმაცია არც ადვოკატს აქვს. მიხეილ რამიშვილმა ამის შესახებ ჩვენგან შეიტყო. ის საქმის მასალებს გუშინ გაეცნო, გვითხრა, რომ მსგავსი არაფერი შეხვედრია. 

სად მუშაობდა თამუნა ბაჩალიაშვილი?! - მის პოვნამდეც ოჯახი ამბობდა, რომ გოგონას გაუჩინარება სავარაუდოდ მის საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა ზუსტად არ იციან რას აკეთებდა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი კომპანია ZAG-ში. ოჯახის წევრები პირად საუბარში გვიყვებიან, რომ უკვე დიდი ხანია, მას კომპანიიდან წამოსვლასა და სხვა სამსახურის პოვნას თხოვდნენ, მაგრამ თამუნა უარზე იყო. ამ თხოვნის მიზეზად კი ბოლო პერიოდში მის მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ ანერვიულებული და გაღიზიანებული იყო. 

კოპანია ZAG, სადაც თამუნა ბაჩალიშვილი მუშაობდა, მხოლოდ ამერიკის ბაზარზე, ვებგვერდებს აიტი მომსახურებას უწევს. 3 წლის შემდეგ, დეველოპერმა ქალმა სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა და ამის შესახებ უფროსები გაუჩინარებამდე 1 დღით ადრე შეატყობინა. გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის პოვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოფისიდან 50 კომპიუტერი წაიღო. დაილუქა ოფისი. დავინტერესდით, ამოიღო თუ არა გამოძიებამ თანამშრომლების ტელეფონები. ამ კითხვით კომპანიის დირექტორს მივმართეთ. 

კომპანიის იურისტი ამტკიცებს, რომ დირექტორის თამარ კობერიძის, ბაჩალიაშვილის უშუალო უფროსის ნიკოლოზ გეჯაძისა და კიდევ რამდენიმე თანამშრომლის ტელეფონი გამოძიებლებმა დაიტოვეს. თუმცა ფაქტია, დღეს კობერიძესაც და გეჯაძესაც მათ პირად ნომრებზე ვეკონტაქტეთ. იურისტს ბევრჯერ ვკითხეთ, მაგრამ არც ერთხელ არ გვითრა თამაშრომლების შესახებ მცირე ინფორმაციაც კი. 

2 დღის წინ აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების შესახებ დირექტორსა და დამფუძნებელზე ბევრად მეტი იცის კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ აყვანილმა იურისტმა. ნიკა გეჯაძეს დღეს ტელეფონით დავუკავშირდით, საუბრის ჩაწერაზე მისგან თანხმობა არ მიგვიღია, თუმცა გვითხრა საინტერესო დეტალი - რომ თანამშრომელებს არ იცნობს. ისიც და თამარ კობერიძეც 2 დღეა ამტკიცებენ, რომ ბაჩალიაშვილს სხვა სამსახურიც ჰქონდა, ეს ინფორმაცია პირველად მათაგან შევიტყვეთ ჩვენც და ოჯახმაც. ხომ არ იყო ეს ისრების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობა? მათ არა, მაგრამ იურისტმა გვითხრა, რომ ბაჩალიაშვილს, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სარეკომენდაციო წერილი უთხოვია.

ახლა საგამოძიებო უწყების ჯერია - საინტერესოა, მათ მაინც იციან თუ არა მეორე სამსახურისა და იმ 50-მდე პირის ვინაობა, ვინც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად მუშაობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი