კომპანიები, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

გამოქვეყნდა:

SpryFlash - ეს არის იმ კომპანიებიდან ერთი, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც მისი LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, 23 წლის ახალგაზრდა ქალი  დეველოპერად 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. 

SpryFlash ავსტრიული კომპანიაა და ის, ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად, პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. კომპანიის მთავარი სერვისი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია. კომპანიის LinkedIn-ის პროფილიდან კი ირკვევა, რომ ორგანიზაცია 2010 წელს დაფუძნდა და იქ 50 ადამიანამდეა დასაქმებული.

SpryFlash-ის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინში მდებარეობს.  მათი წარმომადგენლობა თბილისში ოფიციალურად არსად იძებნება.

რა ტიპის თანამშრომლობა აკავშირებდა თამარ ბაჩალიაშვილს ავსტრიულ კომპანიასთან და რა პროექტზე მუშაობდა ბოლოს 23 წლის პროგრამისტი - ამ შეკითხვებით კომპანია SpryFlash-ს წერილობით მივმართეთ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომპანია ZAG -ი თამარ ბაჩალიაშვილის კიდევ ერთი სამსახურია. ის აშშ-ში, დელავერის შტატში 2012 წლის 14 დეკემბერსაა დარეგისტრირებული, 2013 წლის 18 თებერვალს კი, კომპანიამ ფლორიდის ფილიალი დაარეგისტრირა. 

კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახია, რომელიც ჯამში 34 კომპანიას ფლობს. ცნობილია ისიც, რომ თითოეული მათგანი შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. 

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა ამ კომპანიის მისამართი - ჭავჭავაძის #15. ოფისი ამჟამად დაკეტილია. ფართი ამ მისამართზე ხშირად ქირავდებოდა და მას სამუშაო სივრცისთვის სხვადასხვა კომპანიები ქირაობდნენ. ჭავჭავაძის 15-ში მცხოვრებთა თქმით, ამ მისამართზე ხშირად უნახავთ ახალგაზრდები კომპიუტერებით. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, აქ ტროლებისა და ბოტების ქარხანა ყოფილიყო. გავარკვიეთ ისიც, რომ კომპანიის მეორე ოფისი თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს.

დაღუპული ბაჩალიაშვილის პოვნის შემდეგ, კომპანია ZAG-ის ქართული ბიუროს დირექტორმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რის შესახებაც მენეჯმენტს გასულ კვირას შეატყობინა. 

თამარ კობერიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი რიგითი პროგრამისტი იყო და "ბექ ენდ დეველოპმენტზე" მუშაობდა. კობერიძე კატეგორიულად გამორიცხავს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდეს.  

აღსანიშნავია, რომ ZAG-ის დირექტორის მტკიცებით,  გაუჩინარებული თანამშრომლის ოჯახის წევრებთან მას კომუნიკაცია ჰქონდა და რჩევებსაც აძლევდა, რომ ძიების დაჩქარების მიზნით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მედიით გაშუქებულიყო. თუმცა, გუშინ "მთავართან" საუბრისას 23 წლის პროგრამისტის დედამ თქვა, რომ ოფისის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ ჰქონია.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული მიმოწერის მიხედვით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაჩალიაშვილი კომპანია ZAG-იდან წასვლასაც გეგმავდა. 

კომპანია ZAG-მა დღეს განცხადებაც გაავრცელა და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვა. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ დღეს შეაღწიეს, გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე.

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგით კი მოძრაობა "შეცვალე" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. როგორც ორგანიზატორები წერენ, აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს.

ავტორი: მარია გეგეჭკორი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი