
მოსკოვსა და მინსკში "ვიზიტის" შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეაქო.
მისი აზრით, რთულ გეოპოლიტიკური სიტუაციაში "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს".
"ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქრისტეს წიაღში ვართ და არაფერი გვემუქრება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ბომბები და ჭურვები ცვივა.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ იქაური ოპოზიცია ჩვენთან ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ. მაგრამ რა, აფხაზეთის უსაფრთხოების უწყებები უცხოური მასალაა? იქ მოწვეული მანქურთები მსახურობენ თუ აფხაზეთის მოქალაქეები არიან?
უსაფრთხოება ჩვენი სახელმწიფოს განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და პრევენციული ზომები არასდროსაა ზედმეტი. არ ვიცი ვინ და რატომ განიცდიდა შეშფოთებას. ნუთუ შეგვიძლია აფხაზეთის მთავრობის სისტემას რეპრესიული ვუწოდოთ? ნუთუ არ ვამჩნევთ, რომ ხალხი ყველაფერს ლაპარაკობს, რაც უნდა და სადაც უნდა. დაუსჯელად შეურაცხყოფენ ნებისმიერს. ვის ჩამორთმევია მსგავსი უფლება, როცა გამოხატვა სურდა? როდის მომხდარა ასეთი, მიკარნახეთ?" ამბობს ბჟანია.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. რუსეთში მსგავსი კანონი 2012 წელს მიიღეს.