ზრუნვა მხოლოდ ახლობლებზე - ვანელი ბიჭიკო პაიკიძის საქმიანობა და ლილუაშვილის გავლენები

გამოქვეყნდა:

"მთავარმა" დაადგინა, რომ პოლიციის მიერ დაკავებული შუახნის კაცი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, ვინმე გიორგი საღირაშვილი იყო. თავად მისი პიროვნება ინტერესს არ გამოიწვევდა, რომ არა ფაქტები, რომელიც მის სახელს დაუკავშირდა. აღმოჩნდა რომ საღირაშვილი ვანის საკრებულოს დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის დის ქმარია. თავად პაიკიძეს კი ახლო მეგობრობა აკავშირებს სუსის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. რამდენიმე წლის წინ პაიკიძემ ლილუაშვილს შვილი მოანათლინა. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გადამოწმერბა "მთავარმა არხმა", თავად ბიჭიკო პაიკიძესთან სცადა და მას ტელეფონით დავუკავშირდით. ვანის საკრებულოს დეპუტატმა თავდაპირველად ვინაობა დაგვიდასტურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო რაზე ვურეკავდით, იცრუა და გვითხრა, რომ სხვაგან მოვხვდით. 

სიძის დაკავებაზე საუბარი ბიჭიკო პაიკიძეს არ უნდა, რადგან საქმე მოაგვარა და ფაქტის გახმაურება არ აწეყობდა. საქმის მოგვარებაში კი პაიკიძეს მისი ნათელმირონი, გრიგოლ ლილუაშვილი დაეხმარა. "მთავარს" პოლიციიდან წყარო უყვება, რომ ფაქტები გააყალბეს. საქმიდან ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა საერთოდ გაქრა, შესაბამისად, არც დანაშაული მომხდარა და გავლენიანი დეპუტატის სიძე თავისუფლად გამოუშვეს. ვანში მომხდარი არ უკვირთ. აქ ყველამ იცის, რომ ბიჭიკო პაიკიძის გამო, სუსის უფროსი თავსაც შეიწუხებდა და ფაქტებსაც გააყალბებდა.

"მთავარს" ბიჭიკო პაიკიძის ნახვა ვანის საკრებულოში უნდოდა. იმედი გვქონდა, რომ დეპუტატი სამუშაო საათების დროს სამსახურში დაგვხვდებოდა, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ პაიკიძეს თავისი ბიზნესი აქვს და როგორც წესი საკრებულოში არ დადის. 

საკრებულოს დეპუტატის ბიზნესი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღმოჩნდა. მას არა ერთი, არამედ რამდენიმე ფირმა აქვს, რომელიც მუდმივად სახელმწიფო ტენდერებს იგებს, ან ქვეკონტრაქტორია. თავად არ ჩანს, ტენდერს სხვა კომპანია იგებს, თავად სამუშაოს ასრულებს და ფულს იღებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ტენდერი მოიგო პაიკიძის კომაპნიებმა მას შემდეგ, რაც სუსში ლილუაშვილი დაწინაურდა. სუსის პროტეჟეები, საწორედ ამ სახელწოდებით მოამზადა სტუდია "მონიტორმა" ერთი თვის წინ საგამოძიებო ფილმი, სადაც სწორედ ბიჭიკო პაიკიძის ბიზნესებსა და მის ლობისტებზეა საუბარი. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია "ჯორჯიან ენერჯიმ" პირველი უმსხვილესი ტენდერი "არემჯი გოლდში" მიიღო. სწორედ ის მუშაობდა იქ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით საყდრისი ააფეთქეს. 

საბუთებით დგინდება, რომ "არემჯი გოლდში" ბიჭიკო პაიკიძეს დავით ბალანჩივაძე ლობირებდა. რომელიც თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ახლო გარემოცვაა. მამაცაშვილისა და პაიკიძის ტანდემი დიდხანს არ გაგრძელებულა. შემდეგ ვანის საკრებულოს წევრს მცირე პაუზა ჰქონდა. ბიზნესში და მალევე ახალი პატრონები ამჯერად სუსში იპოვა - გრიგოლ ლილუაშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი. 

მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ თემაზე მუშაობა დაიწყეს, ბიჭიკო პაიკიძემ თავისი კომპანია "ჯორჯიან ენერჯი" სასწრაფო წესით, თავის მეგობარსა და ბიზნეს პარტნიორზე, ზვიად ჩხობაძეზე გადააფორმა, თვითონ კი ახალი "ბი პი ტრანსი" დააფუძნა, რომელიც ტენდერებისა და სახელმწიფო ფულის ნაკლებობას არ უჩივის. ბიჭიკო პაიკიძის კომპანიების საქმიანობით "შეაჩერე კორუფციაა" ერთ-ერთ
დამფუძნებელიც დაინტერესდა. ვატო გელაშვილმა ნეპოტიზმის გარდა, კორუფციის ნიშნებიც აღმოაცინა. 

ბიჭიკო პაიკიძის სამიანობასა და მის გრიგოლ ლილუაშვილთან მეგობრობაზე ვანში ყველამ იცის. ისიც კარგად იციან, რომ საკრებულოს წევრი, ბიზნესმენი პაიკიძე სუსის უფროსის პროტეჟეა. თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა და მითუმეტეს კამერის წინ საუბარს ყველა ერიდება. ძლევამოსილი ბიზნესმენისა და მისი ლობისტისთვის, არც დანაშაულის დაფარვა და მტკიცებულებების გაქრობაა პრობლემა და არც რიგითი ადამიანისთვის საქმის შეკერა. სწორედ ამიტომ, ვანში დღეს ყველა დუმს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი