
რა ეტაპზეა ბროვარის რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმის გამოძიება? - როგორც უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი აცხადებს ნაპოვნია შავი ყუთი, რომელიც გაშიფვრისთვის საფრანგეთში გაიგზავნა და გამოძიებას უკვე აქვს მონაცემები. თუმცა, პრემიერი დეტალებზე არ საუბრობს:
"გამოძიება გრძელდება. ნაპოვნია "შავი ყუთი", გაგზავნილია საფრანგეთში შესაბამისი გაშიფვრისთვის. მონაცემები მიღებულია, გამოძიებას აქვს. გამოძიება გრძელდება, უნდა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ დასაბუთებული პასუხები რიგ კითხვებზე. გამოძიება ჯერ კიდევ ამუშავებს დეტალებს და ვფიქრობ, რომ შედეგს უახლოეს მომავალში მივიღებთ“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, 18 იანვარს კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი და სხვა საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ავიაკატასტროფის ადგილას სულ 14 ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვის.