
უკრაინის მთავრობამ ქალაქ კუპიანსკში ნაწილობრივი ევაკუაცია გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს ხარკოვის ადგილობრივ სამხედრო ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
მთავრობის ბრძანებით, ქალაქი უნდა დატოვონ ოჯახებმა, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა. ამის მიზეზი კი რუსი სამხედროების მიერ ქალაქის მუდმივი დაბომბვაა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ არასტაბილური უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც რუსი სამხედროების მიერ დასახლების მუდმივი დაბომბვა იწვევს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ევაკუირებულებს ხელისუფლება გაუწევს დახმარებას, მათ შორის უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით, საკვებით, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით.
ქალაქი კუპიანსკი, ხარკოვის რეგიონში მდებარეობს და იგი უკრაინელებმა 2022 წლის სექტემბერში დაიბრუნეს.