ბიძინა ივანიშვილი ისევ ქართული პოლიტიკისა და კულტურის მეორადებში იქექება. ალბათ ფიქრობს, ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველიაო, მაგრამ ქართველები ეგეთი გულმავიწყებიც არა ვართ. ყველა კარგად ვიცანით... საბჭოთა წითელი ნომენკლატურით დაწყებული, ქართულ პოლიტიკაზე სამარადჟამოდ ჯვარდაწერილი, გაქსუებული ჩინოვნიკებით დამთავრებული.
ამ ხალხმა რვაწუთიანი გამოსვლის განმავლობაში, პარტიის დამფუძნებელს ტაში 16-ჯერ დაუკრა და ამით 1952 წლის კომუნისტური პარტიის ყრილობის რეკორდი მოხსნა, სადაც საბჭოთა ბელადს ამავე მიზეზით თანაპარტიელებმა სულ რაღაც რვაჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა.
ცვილის ფიგურათა მუზეუმი - აი, რას ჰგავდა „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა. მომღიმარი ცვილის ფიგურები, რომლებსაც მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა აქვს და სიცარიელეს ავსებენ.
რობერტ სტურუაც აქ ყოფილა. ღმერთმანი, რა მოკლეა გზა დიდებიდან დაცემამდე. დიდი რეჟისორობიდან მმართველი პარტიის რიგით პროპაგანდისტობამდე. რა მძიმეა, როდესაც აქტუალობას კარგავ და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად გიწევს პოლიტიკურ კონიუნქტურას შეაფარო თავი.
ვინ იფიქრებდა, რომ კაცი, რომელმაც შექმნა ყველაზე ღირსეული მოსამართლის, აზდაკის სახე სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“, იმ ხელისუფლების ლაქია გახდებოდა, რომელმაც შექმნა ყველაზე უღირსი მოსამართლის, მურუსიძის სახე ქართულ მართლმსაჯულებაში. ამასაც ნიჭი უნდა, ამიტომ, ტაში, მეგობრებო.
ივანიშვილის ჯიბის პროპაგანდისტებიც აქ არიან. ლაშა ნაცვლიშვილი თავის კუმირთან შესახვედრად მოვიდა, თავის უკანასკნელ საერო ავტორიტეტთან, თავის ხელმწიფესთან, თავის ზნეობრივ სუვერენთან და უბრალოდ - ვიტამინთან. იყო ასეთი მონა, ამასაც სპეციფიკური ნიჭი უნდა. ამიტომ, ტაში, მეგობრებო.
ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ, კოვიდ 19-თან ბრძოლის კაპიტალიზაცია გადაწყვიტა და ყრილობაზე პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, ლევან რატიანი და თენგიზ ცერცვაძე დაპატიჟა. სამწუხაროდ, ექიმებმა საკუთარ პროფესიულ თავმოყვარეობას გადააბიჯეს და „ქართული ოცნების“ ჩამოქცეულ რეიტინგს ყავარჯნებად შეუდგნენ.
რა სევდიანია იმის ყურება, როგორ ჩაეწერნენ ერის გმირებად წოდებული ექიმები იმ პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერთა სიაში, რომელიც ადამიანებს აი, ასე დაუნდობლად სცემს და ასახიჩრებს.
ბიძინა ივანიშვილს მოსვლის წამიდან სანიტაიზერის ბოთლით დაყვებოდა დაცვის ერთ-ერთი წევრი და ყოველი მისალმების მერე ხელზე ასხურებდა, მაგრამ ბატონმა ბიძინამ ვერ გაითვალისწინა, რომ ქართული კულტურის კორიფეებს დისტანციის დაცვა ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდათ რომ ხელისუფალს მოეალერსონ.
როგორც გაირკვა, მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელმაც მოქალაქეს აიძულა ჭიქაში მოეშარდა, შემდეგ კი შარდით მოებანა სახე, "ოცნების" სიაში 41-ე იქნება.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის შარდიან წარსულს ანტიბაქტერიული სანიტაიზერი ნამდვილად ვერ ჩამორეცხავს. ისე კი, ხელების დაბანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილია. რვა წელია, რაც ხელისუფლებაშია და მისი მთავრობის უმოქმედობის გამო მოკლულ, ნაწამებ, მშიერ და გაუბედურებულ ხალხზე პასუხისმგებლობას თვითონ არასდროს იღებს.
რომ შევაჯამოთ, "ქართული ოცნების" ყრილობა ერთი დიდი ფარსი იყო. ნაცნობი, არაფრისმაქნისი მაჟორიტარებითა და ტრაფარეტული დაპირებებით. რაც შეეხება ძველ დაპირებებს, ბიძინა ივანიშვილმა მათგან ერთადერთი შეასრულა პირნათლად. ციხეებიდან გაათავისუფლა კრიმინალები, ჩვენ კი მოგვიწოდა ამ ჰუმანურ პროცესს გაგებით მოვკიდებოდით.
კრიმინალები თავს მართლა საუცხოოდ გრძნობენ. ჩვენ კი, ვისაც გვშია და გვწყურია, ხელისუფლება ასეთ რამეს გვთავაზობს: გშია? იცეკვე! კიდე გშია? კიდე იცეკვე!
ავტორი: ბექა ყორშია