
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიები შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ დუგლაძესა და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტს:
"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.
ბატონო ზაალ, ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენ წარმოადგენთ შიდა ქართლის მოსახლეობის ხმას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვისას უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე. მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი რეგიონი და დღემდე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, პატრიოტული სულისკვეთებით აგრძელებს ცხოვრებას რუსეთის ჯარის პირისპირ. Ნუ დაივიწყებთ, რომ Სწორედ ეს ოჯახები წარმოადგენენ იმ უცხოური გრანტებით მხარდაჭერილი პროექტების ძირითად მონაწილეებს, რომელთა მიზანი ამ ხალხის გაძლიერება, ხარისხიანი განათლების მიწოდება, მხარდაჭერა და განვითარებაა.
ჩვენ ყველანი ვხედავთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.
Ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.
კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.
დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, განვითარებული მომავლის მხარეს.
არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!", - ნათქვამია ერთიბლივ მიმართვაში.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში "მონებოს", "არა რუსულ კანონს" და "მოღალატეებოს" შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.
მოგვიანებით, 18:00 საათზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ 36 პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები დააკავა.
რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.
კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.