სათეატრო სფეროს წარმომადგენლები პარლამენტში რუსული კანონპროექტს ეხმაურებან და პეტიციას აქვეყნებენ. განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ინიცირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.
სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ინიციატორებს კანონპროექტის გამოწვევისაკენ მოუწოდებენ.
"სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.
თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.
მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ", - წერია განცხადებაში.