რა გზები არსებობს იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა რუსულ კანონპროექტს, პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს. ამის შესახებ "მთავარ არხთან" სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე საუბრობს.
ბურჯანაძის განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მესამე სექტორმა მიმართოს საერთაშორისო ინსტრუმენტებს, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ვენეციის კომისია ან სტრასბურგის სასამართლო.
"ეს არის კანონი, რომელიც ყველაზე მოახდენს გავლენას სამომავლოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროინტეგრაცია ფაქტობრივად გართულდება და შეუძლებელი იქნება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად დადგენილი ორი წინაპირობა პირდაპირ ირღვევა, თუკი ამ კანონს მივიღებთ.
კონკრეტული გზებიდან აღსანიშნავია, რომ შეიძლება ეს იყოს მიმართვა ვენეციის კომისიისთვის, ისე ეუთო ოდირისთვის, ისევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს ნათქვამი, რომ ასეთი კანონები შეუსაბამოა დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებასთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეს კანონი გასაჩივრდება, ევროსასამართლო ამ კანონის მოქმედებას და აღსრულებას შეაჩერებს, სანამ გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი", - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში "მონებოს", "არა რუსულ კანონს" და "მოღალატეებოს" შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.
მოგვიანებით, 18:00 საათზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ 36 პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები დააკავა.
რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია. "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.
კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.