"არა რუსულ კანონს" - ორშაბათს პარლამენტში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს"  - ამ სახელწოდებით ორშაბათს, 6 მარტს პარლამენტში საკომიტეტო განხილვის პარალელურად აქცია გაიმართება. მოქალაქეები კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის უკანა შესასვლელთან 9:00 საათზე შეიკრიბებიან.

"რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, დილის 9:30-ზე იწყება!

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა შევაცილოთ სირცხვილის დერეფნით! მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება არ გამოუვათ. მათ უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში ისინი მშვიდი სინდისით ვერ ისეირნებენ!

დავიწყოთ ორშაბათის დილა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად!

გელოდებით ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, დილის 9 საათზე.

აქციაზე არ გვექნება სიტყვით გამოსვლები!

გთხოვთ, აქციაზე წამომსვლელებმა თან იქონიოთ სასტვენები, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს!", - ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად 2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.  

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  "ოცნების" დეპუტატები კანონპროექტს მხარს უჭერენ.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი