ოცნება "რუსული კანონის" ალტერნატივას არ განიხილავს - პარტია "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტების გამოვლენას გულისხმობს, პაპუაშვილმა ბიუროზე არ დაარეგისტრირა. პაპუაშვილის არგუმენტი ვადებია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაარღვიონ კონსტიტუცია და ორშაბათს, 6 მარტს განიხილონ მათ მიერ რეგისტრირებული კანონპროექტი.
"ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად ან ფარულად ჩარევას. ეს არის ერთადერთი გამართლებული საკანონმდებლო პასუხი რუსული მიზნების აგენტურულ კანონპროექტზე, რომლითაც ხელისუფლება საკანონმდებლო დივერსიას ამზადებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. როგორც ჩანს, ქართული ოცნება მზადაა დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით თავიდან აირიდოს ჩვენს მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული პროექტის განხილვა", - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
დეპუტატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შალვა პაპუაშვილი და ანი ოხანაშვილი კანონპროექტს განხილვაზე არ გაიტანენ, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია რუსული კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტზე - "ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის გავლენის აგენტების გამოვლენის შესახებ კანონი", რომელიც დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე 2 მარტს დაარეგისტრირეს.