
საბერძნეთში, სარკინიგზო ავარიის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ათენის ქუჩებში 2 000-მდე სტუდენტი გამოვიდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის წუთიერი დუმილის გამოხატვის დროს პარლამენტთან გზა გადაკეტა.
შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქალაქ ლარისაშიც, სადაც სარკინიგზო ავარია მოხდა.
საბერძნეთში საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი 28 თებერვალს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ არ ცხრება, როდესაც სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 57 ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, დაიღუპნენ.
ქვეყნის ხელისუფლებამ ავარიის მიზეზად ადამიანური შეცდომები დაასახელა, თუმცა პროფკავშირების თქმით, მომხდარი ტექნიკურმა გაუმართაობამ და არასათანადო ტექმომსახურებამ გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, საბერძნეთში რკინიგზის მუშაკებიც გაიფიცნენ.