
რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევაა დაფიქსირებული - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა და მაგალითისთვის, რამდენიმე ფაქტი მოიყვანა.
"ხერსონის რაიონში, იარაღის მუქარით, რუსმა ჯარისკაცმა არაერთხელ გააუპატიურა 62 წლის ქალი. ახლა მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
კიევის რეგიონში დამპყრობლებმა გოგონა და დედა გააუპატიურეს, მამას სცემეს და აიძულეს ეყურებინა. ამჟამად ოჯახს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება.
კიევის რეგიონში კიდევ ერთი ოჯახი, დედა, ქალიშვილი და შვილიშვილი, ოკუპანტების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორი კვირის განმავლობაში იყვნენ. ახლა მათ ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.
სვიატოჰირსკში ქალი სამმა რუსმა სამხედრომ გააუპატიურა.
ეს რუსი დამპყრობლების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის მხოლოდ ნაწილია, რომელსაც გენერალური პროკურატურა იძიებს " აღნიშნა ზელენსკამ.
მისი თქმით, ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი გახდნენ კაცები - ოფიციალურად 39, ასევე 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი ბიჭი.
ლვოვში გამართულ ღონისძიებას ლატვიის პირველი ლედი ანდრა ლევიტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, უკრაინის ვიცე პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სექსუალურ საკითხებში პრამილა პატენი ესწრებოდნენ.