​"შეგვეზღუდება კონსტიტუციური უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა" - მემკვიდრეობის პლატფორმა რუსულ კანონზე 

გამოქვეყნდა:

მემკვიდრეობის პლატფორმა "ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი ლახავს მათს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციითაა გარანტირებული.

განცხადებაში ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს შეწყვიტონ განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის.

მემკვიდრეობის პლატფორმის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს:

პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური რესურსია.

მოგახსენებთ, რომ „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები წლების განმავლობაში იზიარებდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მაგალითისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით არის შემუშავებული ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა ‘საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025’.

Image removed. სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:

Image removed. ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწვლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.

Image removed. მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიცირება და განხილვა დიკსრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა.

Image removed. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსისათვის, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო სტრატეგიის საყრდენი. კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

Image removed. მოგმართავთ, შეწყვიტოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით დამაზიანებელია საქართველოს სახელმწიფოსათვის, მოქალაქეებისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის.

პატივისცემით,

  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • საზოგადოება ბათომი
  • საქართველოს ეროვნული ფონდი
  • საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
  • CDC სათემო განვითარების ცენტრი
  • ICOM საქართველო
  • ICOMOS საქართველო
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი