მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა "მთავარ არხთან" "რუსულ კანონზე" საუბრობს და ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვლენ, რადგან ხელისუფლებამ უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.
მისი თქმით, მასწავლებლები სწორედ ის ადამინები არიან, რომლებიც გრანტებს ევროკავშირიდან და სხვადასხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან იღებენ.
"მასწავლებლები სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ევროკავშირიდან და სხვადასხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან ვიღებთ გრანტებს და ჩვენს ინიციატივებს ვახორციელებთ. ხანდახან ჩვენ სკოლაში თაბახის ფურცელი არ არის და მე პროექტი როგორ განვახორციელო თუა რა ეს დამხმარე რესურსი, რომელსაც სხვა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვაწვდის. ამ კანონს თუ მიიღებთ, უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და უკვე ხალხიც, მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვალთ იმიტომ, რომ არ შეიძლება, უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს უკვე ქვეყანასაც ანადგურებენ და ამ საბჭოთა კავშირის წყობაში გვაბრუნებენ" - ამბობს ლადო აფხაზავა.
ცნობისთვის, რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.