"უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე", - ასე ეხმაურება რუსულ კანონს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და Georgian Institute of Politics-ის არარეზიდენტი მკვლევარი, ელგუჯა ხოკრიშვილი. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარდგება.
ოთხი წლის წინ, როცა ITB Berlin-ის ხელმძღვანელობასთან მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დავიწყე, მაშინ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკოსები საუბარს ერიდებოდნენ. ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერდა.
ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენის იდეა მხოლოდ ერთ მიზანს ემსაუხრებოდა, გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობა, ისტორია და კულტურა გერმანიის (ევროპის) მოსახლეობისთვის. მთავარი გზავნილი კი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს, - წერს ის.