"კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც, საბოლოო ჯამში, მის არსებითად დასუსტებას და განადგურებას გამოიწვევს" | ნინო ლაპიაშვილი

გამოქვეყნდა:

"კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც, საბოლოო ჯამში, მის არსებითად დასუსტებას და განადგურებას გამოიწვევს", - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებელი ნინო ლაპიაშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

"ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტები "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სამოქალაქო საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც საბოლოო ჯამში მის არსებითად დასუსტებას და განადგურებას გამოიწვევს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ტერმინი ‘აგენტი’ ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და პირდაპირ უკავშირდება მტრული სახელმწიფოს ინტერესების გატარებას საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

არასამთავრობო სექტორის იძულება, რომ დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, მათ ‘სამშობლოს მოღალატეებად’ სტიგმატიზებას გამოიწვევს, რაც ცალსახად პატივისა და ღირსების შემლახველია. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე კანონპროექტის შინაარსში იმალება. ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ობიექტური მიზეზის გარეშე დაუგეგმავი მონიტორინგის უფლებამოსილება (მათ შორის, პირადი მონაცემების გამოთხოვის გზით) და დისპროპორციულად დიდი ფულადი ჯარიმების დაკისრების დიკრეცია - სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში რეპრესიულ იარაღს ქმნის, რომელიც გარდაუვალად დააპარალიზებს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და არ მისცემს მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად იმპლემენტაციის საშუალებას.

რისკი დიდია, რომ რუსეთის ფედერაციის გამოცდილების მსგავსად, საქართველოში აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს ცალკეული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ჩახშობა და სამოქალაქო სექტორის ქსოვილის შეუქცევადად დაზიანება. ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა დარეგისტრირებული კანონპროექტების ყველაზე საშიშ ასპექტს. მათი დასავლური ანალოგიებისგან განსხვავებით, კანონმდებლის მიზანი არ არის მტრული სახელმწიფოს,- (ჩვენ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული),- გავლენის კონტროლი და შესუსტება.

სამწუხაროდ, კანონპროექტის წარდგენის დრო, კოტექსტი, მისი შინაარსისა და ავტორთა დიკურსის ანალიზი სხვა დასკვნის საფუძველს არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ კანონმდებლის მიზანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, რომლებსაც საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორები აფინანსებენ (მაგალითად ევროკავშირი, ამერიკის შეერთებლი შტატები და სხვა დასავლელი დონორები) ქვეყანაში დემოკრატიცაზიის გაძლიერებისა და ევროიპეიზაციის მიზნებისთვის. შესაბამისად, დარეგისტრირებული კანონპროექტების რაიმე ფორმით მიღება დაუშვებელია, რათა დავიცვათ და პატივი ვცეთ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, - წერს ნინო ლაპიაშვილი.

ცნობისთვის, რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი