დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში უკვე შევიდნენ "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მხარდამჭერები, ჯონდი ბაღათურია და ნანა კაკაბაძე, რომლებიც ამჯერადაც დაესწრებიან "რუსული კანონის" განხილვას.
მისი თქმით, პარლამენტი სავსეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებითა და დაცვით.
"ჯონდი ბაღათურია და ნანა კაკაბაძე უკვე არიან შენობაში, ისეთ პირობებში, როდესაც საშვთა ბიურო ჩარაზულია და ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღო სპიკერმა, იხილავენ კანონპროექტს, მიდიან მთელი საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და იმასაც ვერ ბედავენ, რომ მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს. ჩარაზეს ყველაფერი, ყველა სართულზე დაცვა არის, სუს არის, სრულიად წარმოუდგენელი ამბავი ხდება საქართველოს პარლამენტში, ეზოში, ყველგან არის დაცვა და სუს, იმდენად შეშინებულია "ქართული ოცნება" და იმდენად არ წარმოუდგენია, რომ კანონპროექტი, რომელიც იცის, რომ არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ზურგშექცევა ევროპისთვის განიხილოს გაბედოს და განიხილოს ამ ადამიანებთან ერთად, არა, შიშისგან უნდა ჩაირაზოს, ჩაიკეტოს, ეს არის მინი მოდელი რას უპირებს ქვეყანას ქართული ოცნება", - თქვა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონს". განხილვა ამჯერადაც აქციისა და პროტესტის ფონზე წარიმართება.