
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები პარლამენტის შენობაში არ იმყოფებიან და რომ პოლიტიკური ჯგუფები და მედია "ფეიკ ნიუსებს" ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.
ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ. შენობასთან აქცია იმართება, შიგნით კი გაძლიერებულია დაცვა.
"საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.
პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას.
მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია განცხადებაში.