არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი - Erasmus+ Erasmus mundus-ის სტუდენტები

გამოქვეყნდა:

Erasmus+ და  Erasmus mundus გაცვლითო პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები რუსულ კანონპროექტს ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს.

"ჩვენი ერთობლივი განცხადება ეხება საქართველოს პარლამენტში რუსული შინაარსის არაკონსტიტუციური კანონპროექტის განხილვას, რომელიც აზიანებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას.

როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა ისევ ღიაა საქართველოსთვის და ევროპის კავშირი ჩვენგან ელოდება 12 რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, აღნიშნული კანონპროექტის არათუ მიღება, განხილვაც კი აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პროდასავლურ მისწრაფებებსა და საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროპის კავშირთან და აშშ-თან.

ჩვენ, ხელმომწერები, სწორედ ევროპის კავშირში ფინანსური მხარდაჭერით ვსწავლობთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ჩვენი სწავლის გადასახადი, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები სრულად არის დაფინანსებულ. ათასობით ახალგაზრდას საქართველოდან გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მივიღოთ ევროპული დონის განათლება და აკადემიური ხარისხი უფასოდ, მაღალკონკურენტულ გარემოში და ამით ხელი შევიწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას სხვადასხვა დარგის მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენ, ერსამუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო და Erasmus+ გაცვლითო პროგრამების სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციას და მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი ზემოაღნიშნულ კანონს - დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია, გაატარეთ მოქალაქეების ნება და იმოქმედეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს ეზოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი