
"დააჭირონ თითი ამ რუსულ კანონს, მიიღონ, გახდნენ ბოლომდე რუსები და შემდეგ ჩვენ გვექნება ყველანაირი მცდელობა იმის, რომ ამ ადამიანებს ყველანაირი ცივილიზებული კეთილდღეობა შეეზღუდოთ", - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
დეკანოიძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, რომ რუსული კანონის ყველა მხარდამჭერს შეეზღუდოს ყველა ცივილიზებული კეთილდღეობა, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის საზღვარზე შესვლა.
მისივე განცხადებით, რაც უფრო მალე დაუჭერენ ისინი მხარს ამ კანონპროექტს, მით უფრო დაჩქარდება ეს პროცესი.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ბიზნესი აქვს ევროპაში, როდესაც ყოველდღიურად, როცა მოუნდებათ მაშინ მიდიან, ესე აღარ უნდა იყოს. კიდევ ვიმეორებ, ეკა სეფაშვილი არის ევროსაბჭოს დელეგაციის წევრი, საქართველოს წარმოადგენს. რაც უფრო მალე დააჭერენ ამ კანონს თითს და ყველა თავიდან ბოლომდე იქნება ქვეყნისთვის რუსეთის ძალის გამტარებელი, მართლაც ძალიან დაჩქარდება პროცესები. მიიღონ ეს კანონპროექტი, გადაიქცეს კანონად და მერე ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დადგება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მარტს, იურიდიულ საქმეთა კომიტეტში "ქართული ოცნების" რუსული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მოგვიანებით, 3 საათზე საკითხი ბიუროს სხდომაზეც უნდა განიხილონ.
განხილვის პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.