გლდანის მაჟორიტარმა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი "გაშიფრა"

გამოქვეყნდა:

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის აზრით, პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი იმან გამოიწვია, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების გზით ოპოზიცია ვერ ცვლის და მის წინააღმდეგ დიდი ფულით ბრძოლაა საჭირო. ზარნაძის აზრით, ეს ფული ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შემოიტანონ.

"მოკლედ, ასეთი სიტუაციაა - ოცნებას არჩევნების გზით ვერ ცვლიან, საჭიროა დიდი ფულით ბრძოლა და ეს ფული ვინ უნდა შემოიტანოს, თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თან შავად - რა თქმა უნდა. ეს გზა იკეტება და ზუსტად ამან გამოიწვია ეს ამბავი.

არავითარი ევროპული მომავალი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, აქ არის ვენეციის კომისია და დადებს რეკომენდაციებს.

რაც შეეხება სიტყვა - “აგენტს” ვფიქრობ გადასახედია და შეიცვალოს სახელი, დაერქვა “უცხოური ფულით დაფინანსებული” - აქ მთავარია ფინანსური გამჭვირვალობა", - წერს ზარნაძე. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს" იხილავს. პირველი მოსმენით "ქართული ოცნებაც" და "ხალხის ძალაც" აპირებს ორივე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ, ერთი ვერსია "ქართულია", ხოლო მეორე, "ხალხის ძალის" მტკიცებით, ამერიკულის ანალოგი. სხდომაზე იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. გარეთ კი კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. იხილეთ დღეს გაკეთებული განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი