ვისაუბრეთ ოპოზიციამ, რომ გავაკეთოთ სია, დასანქცირდეს ყველა ვინც მხარს დაუჭერს კანონს - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის პარლამენტში გამართული შეხვედრა დასრულდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ გაკეთდება სია, რათა სანქციები დაუწესდეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც რუსულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარლამენტში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ოპოზიცია მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე გააკეთებს ყველაფერს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციამ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, ვგულისხმობ რუსების, რაშისტების, პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია იყვნენ სანქცირებულები. მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, დელეგაციებში მონაწილეობის მიღება, მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც, მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს, რომ კანონპროექტის განხილვებს დაესწროს, რათა პარლამენტის შიგნიდან გააპროტესტოს რუსული კანონი.

"ცალსახაა, რომ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ კატეგორიულად მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანა რა არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია და შევუქმნით პრობლემას აბსოლუტურად ყველგან. დღევანდელი დღეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქართული ოცნების სახით რეალურად საქმე გვაქვს რუსულ ძალასთან. ხომ ხედავთ, სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან. ჩვენ რას ვაპირებთ - ვიბრძოლებთ ყოველ წუთას, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში, დღესაც კიდევ თუ იქნება სადმე ამ კანონის განხილვა, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას და ყველგან ვაჩვენებთ ხალხს მათ მხდალ რუსულ სახეს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს ეზოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი