
სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს მერვე დღეა უშედეგოდ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.
ოჯახის განმარტებით, ილია ფილფანი მესტიისა და სოფელ ლენჯერის შემოგარენში ველოსიპედით ხშირად დადიოდა, ამიტომ ძირითადად სამძებრო სამუშაოები მდინარე მესტია ჭალას სანაპირო ზოლსა და მთებში, საცალფეხო ბილიკებით მისასვლელ ფერდობებზე მიმდინარეობდა.
ოჯახი და ნათესავები ითხოვენ, რომ პოლიციამ მესტიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღოს და ძებნა სხვადასხვა ტურისტულ ქალაქებშიც განაახლოს.
გატაცებას გამოვრიცხავთ, რადგან ამაზე ფიქრის საშუალებას არანაირი საბაბი არ გვაძლევს, რადგან გაჭირვებული ოჯახის წევრია, უბრალოდ, ბავშვი არის განაწყენებული და მიმალული. ვვარაუდობთ, რომ არის დარჩენილი ამ ეტაპისთვის სვანეთში, - თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანი ჩართოლანმა.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მეხანძრე-მაშველები. 13 წლის ბიჭს ეძებენ დრონებითაც. 20 ივლისს სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთო.
13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.
სტატისტიკური მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.