მოვუწოდებთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უარი თქვას კანონპროექტების მიღებაზე - ყოფილი და მოქმედი დიპლომატები

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონპროექტს ყოფილი და მოქმედი დიპლომატებიც უპირისპირდებიან. მათ გაავრცელეს პეტიცია, რომლის ავტორიც პარლამენტია. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირში ინტეგრაციას. 

ყოფილი და მოქმედი დიპლომატები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების მიღებაზე და შეასრულოს ევროკავშირის 12 მოთხოვნა. 

იხილეთ ტექსტი:

"ჩვენ, საქართველოს ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს ვიცავდით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და წვლილი შეგვქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მივიჩნევთ, რომ პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი "უცხო ქვეყნის გავლენის" შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.

კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს “გავლენის აგენტის” დამამცირებელ და ანტიდემოკრატიულ სტატუსს ანიჭებს, რუსული კანონის მსგავსია და იგივე შედეგს მოიტანს, რაც ანალოგიურმა კანონმა რუსეთში მოიტანა - თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობის შეფერხება და დასავლური დაფინანსებისა და დახმარების შეწყვეტა. უფრო მეტიც, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დაგვაკარგვინოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. 

მივიჩნევთ, რომ ეს კანონპროექტი აშკარად შეუთავსებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან და მიზნებთან. ამაზე მეტყველებს ის უამრავი განცხადება და შეფასება, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. 

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების მიღებაზე და შეასრულოს ის 12 მოთხოვნა, რომელიც შარშან ზაფხულზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ განსაზღვრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი