
პარლამენტში, სადაც ცოტა ხანში ბიუროს სხდომა დაიწყება, ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. ბიუროს დარბაზთან მობილიზებული არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები.
"ლელოს" ერთ-ერთი წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს პარლამენტში არსებული ვითარება, ნათლად გამოხატავს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის სასიკეთო კანონს არ იღებს.
"დემოკრატიულ და ქვეყნის სასიკეთო კანონს რომ იღებდეს დღეს ქართული ოცნება, ეს ვითარება არ იქნებოდა. საკუთარი თვალით ხომ ხედავთ ბიურომდე არ გიშვებენ ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტებული ხართ, წლებია ამ პარლამენტში მუშაობთ. გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ესაა ყველაზე ნათელი ლუსტრაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ კანონებს პარლამენტი ხალხისგან არ იცავს ძალოვნების მეშვეობით, ესაა ნათელი სურათი, რა კანონის მიღებას აპირებენ", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
ბიუროს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ.