
ამ წუთებში პარლამენტში ისევ ხმაური და დაძაბულობაა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე არ უშვებენ. სხდომაზე შესვლა სურთ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ისინი ამბობენ, რომ როგორც დეპუტატებს, უფლება აქვთ სხდომას დაესწრონ. სხდომაზე მხოლოდ "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე შევიდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მას არ უშვებენ ქვედა სართულზეც, ტრიბუნასთან, სადაც ბრიფინგის ჩატარება სურს.
"პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც პარლამენტის არჩეული დეპუტატებისგან სჭირდება აი ეს დაცვა, ეს სპეცსამსახურები რომ ბიუროს სხდომა ჩაატაროს, ეგ პარლამენტის თავმჯდომარე არ არის პარლამენტის თავმჯდომარე", - თქვა მან.
იმ სართულზე, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლებსაც არ უშვებენ. ბიურომდე მისასვლელი კიბეები დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს აქვთ გადაკეტილი და მთელი სართული, პრაქტიკულად ჩაკეტილია.
10:00-ზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მათ შორის "რუსული კანონპროექტის" კენჭისყრის საკითხს დაამტკიცებენ. სწორედ ამ თემაზე სურდა ოპოზიციას აზრის გამოხატვა.