რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც ყველაზე მთავარია, არ მოსწონთ ქართველებს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ტოდ რობინსონის თქმით, აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ის ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 

"აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს კანონი ამას არ ემსახურება და რაც ყველაზე მთავარია, ეს კანონი არ მოსწონთ ქართველებს. ამიტომ, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება საქართველოს მთავრობასთან, რათა ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - თქვა ტოდ რობინსონმა.

რობინსონი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება, ის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას ესწრება. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.

"ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. პარტნიორები ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი