შემაშფოთებელია საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი, პარლამენტს მოვუწოდებთ, არ მიიღოს - RSF "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანიზაცია, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას "უცხელი აგენტების" შესახებ შეთავაზებული კანონის მიღებაზე, რომელიც, მათივე განცხადებით, მჭიდროდ ეფუძნება კანონს, რომელსაც რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ.

RSF აცხადებს, რომ საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი შემაშფოთებელია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტების დეკლარირებული მიზანი გამჭვირვალობაა, მაგრამ მისი რეალური მიზანია ხელი შეუშალოს ქვეყანაში NGO-ებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ინიცირებულ იქნა მედიასა და არასამთავრობოებზე გახშირებული თავდასხმების და საქართველოს ევროპისგან დაშორების ფონზე. ოპოზიციური "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე კი, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი "მთავართან" საუბარში ამბობს, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე მზარდი ზეწოლის სიმბოლოდ იქცა.

"მე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ახლა აპროტესტებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ის მიმართულია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთში, ის საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს კანონპროექტი შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სტიგმატიზებას მოახდენს. 

საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული რეპრესიები მედიის წინააღმდეგ შემაშფოთებელია. ამ კანონპროექტის ინიცირებამდე ჩვენ ვნახეთ ნიკა გვარამიას დაკავება, რომელიც ახლა ციხეშია, სხვა შემთხვევები, მაგალითად 5 ივლისის აქცია, როდესაც ჟურნალისტებზე იძალადეს, ვხედავთ ბინძურ კამპანიას, რომელსაც ხშირად იყენებენ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ", - ამბობს ჟან კავალიერი - RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

მან "მთავარ არხთან" საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, დაკავებების გარეშე ჩაივლიდა, თუმცა ხელისუფლებამ მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი