დღეს, 8 მარტს, 17:00 საათზე ბათუმში, სტუდენტები აქციას გამართავენ და "რუსულ კანონს" გააპროტესტებენ. მოქალაქეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან შეიკრიბებიან.
"ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, ხვალ უქმე დღეა, შევიკრიბოთ უნივერსიტეტის შადრევანთან, ვნახავთ რეალურად რას წარმოვადგენთ ახალგაზრდული ძალა და ვაჩვენებთ სხვებსაც.
განსაკუთრებით უნდა ვაჩვენოთ ლექტორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან და იმ ხალხს, რომლებიც ისტორიის არასწორ მხარეს დგანან.
უნივერსიტეტი არ არის, არც თვითმმართველობა და არც ნებისმიერი სხვა, უნივერსიტეტი არის სტუდენტები. ხვალ, 17 საათზე, შევიკრიბოთ შადრევანთან, ჩავკიდოთ მეგობრებს ხელი და ერთად გავუყვეთ გზას ევროპისკენ", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.
დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან