საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის განცხადებას ავრცელებს და გმობს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
"ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიულ შესაძლებლობას, რაც საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და ცივილიზაციური არჩევანია.
კანონპროექტების მიღება არყევს დემოკრატიის საფუძვლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში.
ამასთან ეს საკანონმდებლო ინიციატივა აჩენს ღრმა უფსკრულს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელთა წვლილი გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მშენებლობა.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.
დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.