
"ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს" - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
14-წუთიან ჩანაწერში კალაძე საუბრობს ევროპაზე და ამკიცებს, რომ ცხოვრობს ევროპული ღირებულებებით და ევროპაშიც თავაწეული დადის.
"ევროპაზე საუბრისას პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ ხოლმე -"აი, კახა კარგია შოპინგი ევროპაში?" და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათს მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს.ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ...
ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი"- ამბობს კალაძე.
ამის შემდეგ კალაძე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს ეს სტატუსი სრულად დაუმსახურებლად არ მიანიჭა".
თბილსის მერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპული ცხოვრებით ცხოვრობს, ამავე მიმართვაში ანტიდასავლურ გზავნილებსაც იმეორებს. კალაძის თქმით, კანდიდატის სატატუსის არმინიჭება: "იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეეცადნენ ჩევნი ქვეყნისა და ხელისუფლების დასჯას, იმისთვის, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო, არ შეუერთდა სანქციებს, იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა".