
თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასავლელი პარტნიორების მსგავსად, აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას.
როგორც სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება.
ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განზრახვას ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონისთვის ვეტოს დადების შესახებ, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველი ხალხის სურვილს, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა." ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.