"ბრძოლა ახლა იწყება და ამას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა" | "ლელოს" განცხადება

გამოქვეყნდა:

"ბრძოლა ახლა იწყება და ამას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" განცხადებაშია საუბარი. პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი.

განცხადება სრულად: 

„ქართულმა ოცნებამ“ უღალატა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია.

„ქართულ ოცნებას“ სურდა კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევდა, სწრაფად ეყარა კენჭი და ამით გაენეიტრალებინა პროტესტი.

მოხდა პირიქით. გვინდა ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ამ ბრძოლას ჰქვია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლა.

საზოგადოებაში, ახალგაზრდებში ბრაზი ძალიან დიდია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიულ არჩევანს.

შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხარს ვუჭერთ საზოგადოების მოთხოვნას, მმართველმა უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი;

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები;

მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ ჯგუფებს, მედიას, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა:

მოხდეს იმ 78 დეპუტატის მხილება, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს.

მოხდეს კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება. შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დასავლელ პარტნიორებთან კანონის მხარდამჭერების სანქცირების საკითხზე.

ბრძოლა გაგრძელდეს კონსტიტუციის ფარგლებში, მასიური და უწყვეტი ფორმით, ეს ბრძოლის გრძელვადიანი პროცესია.

ახლა ერთიანობის დროა, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის!, - წერს პარტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი