
"დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს კანონი... მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან" - ამის შესახებ ALDE-სა და ლიბერალური ინტერნაციონალის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც საქართველოში მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებ გაავრცელეს.
ჩვენ, პარტია ALDE-სა და ლიბერალური ინტერნაციონალის პრეზიდენტები, მკაცრად ვგმობთ თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას, რომელიც მოხდა მთავრობის მხრიდან კრემლის მიერ შთაგონებული კანონის განხილვის შედეგად. ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, "უცხოეთის აგენტებად" დარეგისტრირებას მოსთხოვს.
ჩვენ ამ შემოთავაზებებს განვიხილავთ, როგორც შეუთავსებელს ევროპულ ღირებულებებთან და ლიბერალურ დემოკრატიულ იდეალებთან, როგორც პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ აზრზე საქართველოში. ჩვენი მოწოდებაა, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ეს კანონი, რომლის საჭიროებაც არ არსებობს და რომელიც ემუქრება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ჩვენი მოწოდებაა, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები, მათ შორის ჩვენი წევრი პარტიის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დააკავეს, პატიმრობაში სცემეს და რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან და პატივი სცეს პროტესტის უფლებას.
ჩვენ ვდგავართ ათასობით ადამიანთან ერთად თბილისის ქუჩებში, ვდგავართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სურვილს, ეძიოს ევროპულ მომავლს თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ ხელისუფლების ასეთი პროვოკაციები მიზნად ისახავს ამ მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისგან, - ნათქვამია განცხადებაში.